წარმატებული გაყიდვისთვის, იყავი საუკეთესო გამყიდველი
თუ თქვენ ბინის გაყიდვა გადაწყვიტეთ, მხოლოდ ბინის დალაგება და დეფექტების გამოსწორება საკმარისი არ არის. ბინის გაყიდვისას აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება თქვენს დამოკიდებულებას რეალტორთან და პოტენციურ მყიდველთან და იმას, თუ როგორ იქცევით მათი თანდასწრებით.
მყიდველს მიეცით საშუალება მშვიდად დაათვალიეროს თქვენი უძრავი ქონება, წარმოდიგინოს თავი როგორც საკუთარ სახლში, დაფიქრდეს როგორ განათავსოს ავეჯი ან სახლის სხვა აქსესუარები. გირჩევთ მყიდველს ნუ დაღლით თქვენს შესახებ ისტორიების მოყოლით, ის უნდა კონცენტრირდეს და ყურადღებით დაათვალიეროს ყველა დეტალი. ბროკერს აცადეთ საჭირო დროს მიაწოდოს მყიდველს საჭირო ინფორმაცია, ის ხომ პროფესიონალია და თქვენზე უკეთ ფლობს გაყიდვის ხელოვნებას.
თუ გასაყიდ ბინაში დიდ ოჯახთან ერთად ცხოვრობთ, მყიდველის მოსვლა დაგეგმეთ ისეთ დროს, როცა ბინაში იქნება მხოლოდ ერთი ადამიანი. ნუ შეუქმნით მყიდველს დისკომფორტს დათვალიერების პროცესში და ნუ აიძულებთ ოთახში შემოსვლისას მოიხადოს ბოდიში. ასეთ დროს მას აუცილებლად გაუჩნდება სურვილი მალე დატოვოს ოთახი უხერხულობის გამო. ნუ გადაივლებთ შხაპს მყიდველის მოსვლამდე 5 წუთით ადრე და ნუ აიძულებთ მას შევიდეს დაორთქლილ აბაზანაში, ეს არაესთეტიურია და ცუდ ეფექტს ჰქმნის.
თუ გყავთ შინაური ცხოველი, მაგალითად ძაღლი, მყიდველის ვიზიტის დროს სთხოვეთ იჯახის წევრს მისი გაყვანა/გასეირნება. შეიძლება მყიდველს ეშინოდეს შინაური ცხოველების და არც შემოვიდეს თქვენი სახლის სანახავად, ჰქონდეს ალერგია ბეწვზე ან უბრალოდ თქვენმა ძაღლმა იყეფოს მყიდველის ბინაში ყოფნის განმავლობაში და არ გაცადოთ საუბარი.
ეცადეთ მყიდველის მოსვლის მომენტისათვის სახლთან იყოს თავისუფალი ადგილი პარკირებისთვის. თუ ეზოში მხოლოდ თქვენი მანქანის ადგილია, გადააყენეთ თქვენი ის თუნდაც მეზობელ ქუჩაზე, რათა მყიდველმა მარტივად მოახერხოს მანქანის გაჩერება და არ შეექმნას დისკომფორტი ბინის ნახვამდე.
გირჩევთ ბინის საბუთები და ყველა აუცილებელი დოკუმენტაცია იქონიოთ ხელმისაწვდომ ადგილას, მოწესრიგებული და დალაგებული, რათა საჭიროების შემთხვევაში სწრაფად შეძლოთ მყიდველისთვის სასურველი დოკუმენტის ჩვენება. დატოვეთ მოწესრიგებული და სანდო ადამიანის შთაბეჭდილება.
იყავით დელიკატური და დიპლომატიური, განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარი ეხება ფასს. ყველას აქვს სურვილი გაყიდოს თავისი ბინა რაც შეიძლება მაღალ ფასად, მაგრამ მყიდველს ნუ ეტყვით უხეშად რომ თქვენს მიერ დასახელებული ფასი არის საბოლოო და ამ თემის განხილვას არ აპირებთ. იყავით კორეკტული, მიეცით დრო მყიდველს მოსაფიქრებლად და ამავე პერიოდში თქვენც მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება. აუცილებლად მიეცით საკუთარ თავს შანსი.
მყიდველი თქვენს ბინაში თქვენი სტუმარია. შესთავაზეთ მას წყალი ან ჩაი. იყავით ყურადღებიანი, მიეცით მყიდველს მოდუნების და დაფიქრების საშუალება.
ნუ შეაწუხებთ მყიდველს იმის ახსნით, თუ როგორი კარგი ხარისხის ძვირადღირებული ონკანები გაქვთ დამონტაჟებული აბაზანაში, ან როგორი კარგი ხარისხის გაზქურა გაქვთ სამზარეულოში. ოცდამეერთე საუკუნეში ყველამ კარგად იცის ყველაფრის ფასი, თან შეიძლება თქვენი ონკანების მწარმოებელი ფირმა საერთოდ არ მოსწონდეს პოტენციურ მყიდველს. აცადეთ მას თავად შეაფასოს რა არის მისთვის მოსაწონი და მნიშვნელოვანი თქვენს ბინაში, მათ შორის რა ფირმის ონკანი უნდა მას აბაზანაში.
ბინის დათვალიერების შემდეგ მყიდველს რამოდენიმე დღე მაინც სჭირდება მოსაფიქრელად და გადაწყვეტილების მისაღებად. გირჩევთ, ნუ დაუსვავთ კითხვას მოეწონა თუ არა მას თქვენი ბინა და ნუ აიძულებთ თქვენთან სახლშივე მიიღოს გადაწყვეტილება. უმჯობესია დაუკავშირდეთ თქვენს ბროკერს, მაგრამ დიდი ალბათობით მაშინვე ისიც ვერ გაგცემთ სრულყოფილ პასუხს, რადგან მყიდველს დრო სჭირდება მოსაფიქრებლად.
საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მყიდველს შესაძლოა განმეორებით მოუნდეს თქვენს ბინაში ვიზიტი, ამიტომ იყავით მზად დახმარებისთვის. ამომწურავად უპასუხეთ მყიდველის ნებისმიერ შეკითხვას.
ბინის საბუთების, პრობლემების ან დეტალების გამოსწორება მყიდველის ვალდებულება არაა, შესაბამისად შეუქმენით მას შთაბეჭდილება, რომ თქვენ მზად ხართ მოაგვაროთ ყველა ნიუანსი, რაც გაამარტივებს ბინის გაყიდვის პროცესს. ასეთი მიდგომა მხოლოდ თქვენს სასარგებლოდ იმუშევებს.
ენდეთ პროფესიონალის რჩევებს და მოუსმინეთ თქვენი რეალტორის მითითებებს. გირჩევთ გაითვალისწინოთ მისი გამოცდილება და გამოიყენეთ მისი უნარები თქვენს სასარგებლოდ.
გისურვებთ წარმატებას!
ნინო გედევანიშვილი
გედევანიშვილი და კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი
საქართველოს რეალტორთა ასოციაციის მართველი საბჭოს წევრი