06.12.2019

წარმატებული ბროკერის, ნინო გედევანიშვილის რჩევები თქვენი ბინის მომგებიანად გაქირავებისათვის

ბინის გაქირავების მსურველთა მხრიდან ხშირად ვხვდებით არასწორ მიდგომას, მაგალითისათვის: “ეს ბინა მაინც გასაქირავებლად მინდა, ამიტომ დავდგი ძველი ავეჯი” ან „ეს ბინა გასაქირავებლად მინდა, ამიტომ გავარემონტე ასე, თორემ მე უკეთეს ბინაში ვცხოვრობ” და ასე შემდეგ.

თუ თქვენ უძრავ ქონებაში ინვესტიციას ახორციელებთ მისი შემდგომი გაქირავების მიზნით, ან თუნდაც არსებულ ქონებას უპირებთ გაქირავებას თქვენ უნდა იფიქროთ როგორც ბიზნესმენმა. მე როგორც გამოცდილი ბროკერი ვთვლი, რომ ზემოთმოყვანილი მიდგომა ნამდვილად არ არის ბიზნეს მიდგომა საქმისადმი.

როდესაც ეძებთ უძრავ ქონეას შესაძენად ყურადღებით დაათვალიერეთ შენობის მიმდებარე ტერიტორია და აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი დეტალები:

  • რამდენად ადვილი და მოხერხებულია სახლამდე მისვლა. აუცლილებლად დააკვირდით, ხომ არ მოუწევს თქვენს პოტენციურ დამქირავებელს 30 წუთი საცობში დგომა სახლში მისვლამდე.
  • რამდენად ადვილად მისადგომია სახლი ფეხით მოსიარულეთათვის, დადის თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხომ არ მოუწევს თქვენს პოტენციურ დამქირავებელს ბოლო გაჩერებიდან 30 წუთი ფეხით სიარული ბინამდე რომ მივიდეს.
  • არსებობს თუ არა მიმდებარედ მაღაზიები და აფთიაქები. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ პურის ან ასპირინის საყიდლად დამქირავებელს არ უნდა მოუწიოს სხვა უბანში გასვლა.
  • რამდენად უსაფრთხო გარემოა, არის თუ არა ქუჩის განათება, ხომ არ მოუწევს პოტენციურ დამქირავებელს ჩაბნელებულ ჩიხში ან არკაში შესვლა.
  • რამდენად მშვიდი გარემოა, ხომ არ არის მიმდებარედ ხმაურიანი კაფეები ან ბარები. როგორც წესი, უცხოელები საცხოვრებლად ირჩევენ მშვიდ გარემოს, სადაც დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ შეძლებენ განტვირთვას.

ყურადღება მიაქციეთ სადარბაზოს და ეზოს

  • შეარჩიეთ ბინა რიმელსაც აქვს მოწესრიგებელი სადარბაზო და ახალი თანამედროვე ლიფტი.
  • სასურველია აარჩიოთ სახლი, რომლის სადარბაზოს ჰყავს დაცვა და დამონტაჟებულია უსაფრთხოების კამერები.
  • ზოგ სახლს ყავს კონსიერჟი და აქვს დასუფთავების სამსახური. გირჩევთ არ დაზოგოთ მსგავს ხარჯებზე. გაითვალისწინეთ, რომ ეს თქვენი ქონებისთვის დამატებითი უპირატესობა იქნება და ქირის ოდენობაზეც აისახება.
  • ეცადეთ შეარჩიოთ სახლი, რომელსაც ექნება პატარა ეზო ბავშვებისთვის, ყველა სახლი ხომ არ მდებარეობს პარკთან ან გამწვანებულ ზონასთან. შესაბამისად ეზო ბავშვიანი დამქირავებლისათვის განსაკუთრებულს გახდის თქვენს ქონებას.
  • აუცილებლად გაითვალისწინეთ პარკინგის ადგილი მანქანისათვის. დღეს ყველას ჰყავს საკუთარი ავტომობილი.

მიაქციეთ ყურადღება ბინის გეგმარებას

  • ეცადეთ შეარჩიოთ ბინა სადაც დაგეგმარებულია დამოუკიდებელი ოთახები.
  • შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ აქვს თუ არა ბინას აივანი. სასრუველია ბინას ჰქონდეს საზაფხულო სივრცე, სადაც მოხერხებულად შეიძლება დილით ყავის დალევა ან სიგარეტის მოწევა.
  • კარგი იქნება თუ ბინა იქნება ნათელი და გამჭოლი, პატარა ფართის ბინების შემთხვევაში ეს შეუძლებელია, მაგრამ თუ გსურთ შეიძინოთ სრულყოფილი ბინა, გაითვალისწინეთ ეს პარამეტრი მნიშვნელოვანია.

რემონტისას გაითვალისწინეთ შემდეგი დეტალები

  • კედლები შეღებეთ ნატურალურ ფერებში. თერთი, ბეჟი, კრემისფერი. არავის არ უნდა დაიძინოს ვარდისფერ ან მწვანე საძინებელში.
  • იატაკი უნდა იყოს კედლის ფერების შესაფერისი, სასურველია იგივე ტონალობაში, რათა მეტი სივრცე და სინათლე მისცეს თქვენს ბინას.
  • კარებები უნდა იყოს თანამედროვე, რომელიც მოუხდება სახლის საერთო ტონალობას. თუ თანამედროვედ არემონტებთ ბინას, ნუ დააყენებთ მასიური ხის კარებებს.
  • სველი წერტილებიც ეცადეთ მოაწყოთ ნათელ ფერებში. ბინიდან არ უნდა ვხვდებოდეთ წითელ ან მწვანე ფერის სააბაზანოში, რომელიც სრულიად ამოვარდნილი იქნება სახლის საერთო კონტექსტიდან.
  • სვ. წერტილებში დააყენეთ კარგი ხარისხის ონკანები. უხარისხო ონკანები, რომლებიც მალე ფუჭდება, ისევე თქვენ შეგიქმნით პრობლემას. მინიმუმ თვეში ერთხელ მოგიწევთ მათ შესაკეთებლად მისვლა და გააღიზიანებთ თქვენს დამქირავებელსაც.

ავეჯი და ტექნიკა

  • თუ თქვენი ბინა თანამედროვედაა გარემონტებული ნუ იყიდით ბინისთვის იაფფასიან ავეჯს. ნუ დაზოგავთ თანხებს კარგი ხარისხის ავეჯზე. იაფფასიანი ავეჯი აფუჭებს საერთო შთაბეჭდილებას ბინაზე და თქვენს მიერ გაწეული ხარჯი რემონტზე შეიძლება ტყუილად გადაყრილი ფული აღმოჩნდეს.
  • აუცილებლად შეიძინეთ სარეცხის მანქანა, ჭურჭლის სარეცხის მანქანა, ტელევიზორი, მაცივარი, გაზქურა და ღუმელი, ყველა ის ნივთი რაც თქვენც გიქმნის ცხოვრებაში კომფორტს.
  • დაამონტაჟეთ კარგი განათებები და ასევე შეიძინეთ დასადგამი ლამფები. მსგავსი გადაწყვეტა ყველა გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს.

თუ ეს ყველაფერი თქვენთვის ძალიან რთულია და არ გაქვთ მსგავსი ტიპის გამოცდილება, დაიქირავეთ გამოცდილი ბროკერი. ენდეთ მის პროფესიონალიზმს, გაითვალისწინეთ მისი რჩევები და იყიდეთ საუკეთესო ბინა, რომელსაც წარმატებით გააქირავებთ.

გისურვებთ წარმატებას,

ნინო გედევანიშვილი

გედევანიშვილი და კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი

საქართველოს რეალტორთა ასოციაციის მართველი საბჭოს წევრი

http://www.gedevanishvili.ge