06.12.2019

რჩევები მათ ვინც პირველად გადაწყვიტა ბინის შეძენა

ძალიან ხშირად ჩვენ ვხვდებით სიტუაციებს როცა რეკავს მყიდველი რომელსაც უნდა ბინის შეძენა, მაგრამ არ იცის რამდენია მისი ბიუჯეტი, რომელიც მან ბინის შეძენაზე უნდა დახარჯოს. არ იცის როგორი ბინა უნდა რომ შეიძინოს ან რომელ უბანში იცხოვროს. ძალიან ხშირად მყიდველი სპონტანურად იღებს გადაწყვეტილებას ბინის შეძენაზე. იწყებს ამ სერიოზული გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას. თუმცა ბინის შეძენაზე გადაწყვეტილების მიღება და შეძენა ბევრად რთული და საპასუხისმგებლო პროცესია ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია.

პირველი და მნიშვნელოვანი ეტაპი თუ თქვენ ბინის ყიდვა გადაწყვიტეთ არის ბიუჯეტის სწორად განსაზღვრა. უპასუხეთ შეკითხვას, რა გინდათ გადაიხადოთ ქონებაში დღეს და არა მომავალში 5 წლის შემდეგ. გაიარეთ კონსულტაცია სესხის ოფიცერთან. სწორად განსაზღვრეთ რა ოდენობის სესხის აღებას შეძლებთ თქვენი შემოსავლებით და რა იქნება თქვენი ყოველთვიური გასავალი. ნუ დაიწყებთ ბინის ძებნას ვირტუალური ბიუჯეტით. დაზოგეთ როგორც თქვენი ასევე რეალტორის დრო და ენერგია.

კარგად დაფიქრდით თქვენს სამომავლო გეგმებზე. აპირებთ თუ არა სამსახურის შეცვლას? აპირებთ თუ არა დაოჯახებას? აპირებთ თუ არა მოგზაურობას? დაფიქრდით ყველა იმ სამომავლო გეგმაზე რაც გაზრდის თქვენს ხარჯებს. შემდეგ დაუსვით შეკითხვა საკუთარ თავს: გიღირთ თუ არა იპოთეკური კრედიტის აღება ბინის შესაძენად თუ გირჩევნიათ ეს პროცესი დროებით გადადოთ?

ბიუჯეტის განსაზღვრის შემდეგ სწორად განსაზღვრეთ რა ფართობის ბინა გჭირდებათ. გაითვალისწინეთ რაც უფრო დიდი ფართობისაა ბინა მით უფრო იზრდება თქვენი ხარჯი კომუნალურ გადასახადებზე, სადარბაზოს და დასუფთავების გადასახადებზე. შეძლებთ სესხის აღების შემდეგ ამ ხარჯების დაფარვას და საკუთარ სიამოვნებაზე ზრუნვას? სწორად განსაზღვრეთ ხომ არ ჯობია საწყის ეტაპზე შეიძინო 50 მ2 ბინა და შემდეგ გაფართოვდეთ? ვიდრე იყიდოთ 100 მ2 ბინა რომელიც არ გჭირდებათ და ვერ შეძლოთ ხარჯების დაფარვა?

აუცილებლად დაფიქრდით სარემონტო ბინის შეძენის შემთხვევაში შეძლებთ თუ არა რემონტის გაკეთებას? ახალი ავეჯის და ტექნიკის შეძენას?

განსაზღვრეთ პრიორიტეტები რა არის თქვენთვის პრიორიტეტული: ბინის მდებარეობა თუ ფართი? ბინის ფართი თუ რემონტის ხარისხი? ბინა აივანით თუ ავტოფარეხით? სწორად განსაზღვრეთ რომელი პარამეტრის გარეშე ვერ შეძლებდით ცხოვრებას.

იმისათვის რომ დაზოგოთ თქვენი დრო და ენერგია მიეჩვიეთ აზრს, რომ შეუძლებელია იპოვოთ ბინა რომელიც თქვენს მიერ ფურცელზე ჩამოწერილ ყველა თქვენს პარამეტრს დააკმაყოფილებს. თქვენ აუცილებლად მოგიწევთ კომპრომისებზე წასვლა და არჩევნის გაკეთება რომელიმე პრიორიტეტის სასარგებლოდ.

მოიძიეთ თქვენს ქალაქში მცხოვრები საუკეთესო რეალტორი და გაიარეთ მასთან კონსულტაცია. მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენი ბიუჯეტის და პრიორიტეტების შესახებ. მოისმინეთ მისი რჩევები და რეკომენდაციები.

დაიქირავეთ თქვენთვის სასურველი რეალტორი და მასთან ერთად დაიწყეთ ბინის ძებნის პროცესი. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ძებნის პროცესი არის ცოცხალი პროცესი. ამ პროცესში თქვენ ეცნობით ბაზარს, ნახულობთ რისი შეძენის შესაძლებლობა გაქვთ. თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ ახალი პრიორიტეტები და აღმოაჩინოთ, რომ ის რაც თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო ძებნის დაწყებამდე ეხლა საერთოდ არაა პრიორიტეტული.

ძებნის პროცესისას აუცილებლად გქონდეთ ღია და გახსნილი ურთიერთობა თქვენს რეალტორთან. იყავით გულახდილი და ყოველი ბინის ნახვის შემდეგ მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენს რეალტორს რა მოგეწონათ ან არ მოგექონათ კონკრეტულ ბინაში.მიეცით საშუალება თქვენს რეალტორს მოგცეთ რჩევები, რეკომენდაციები, მოგიძიოთ თქვენთვის ყველაზე მეტად შეასფერისი ვარიანტი.

სასურველი ვარიანტის პოვნის შემდეგ, გაიარეთ კონსულტაცია იურისტთან და თქვენს რეალტორთან. მოითხოვეთ ქონების დამადასტურებელი განახლებული დოკუმენტი. მიაწოდეთ შესაბამისი დოკუმენტაცია თქვენს სესხის ოფიცერს. სესხის დამტკიცების შემდეგ გააფორმეთ ნასყიდობის ხელშეკრულება და დაარეგისტრირეთ საჯარო რეესტრში.

გისურვებთ წარმატებას!

ნინო გედევანიშვილი

გედევანიშვილი და კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი

http://www.gedevanishvili.ge