რა არის შიდა საინფორმაციო ბაზა MLS და როგორ ჩავთოთ 200-ზე მეტი ბროკერი მარტივად უძრავი ქონების გაყიდვის და გაქირავების პროცესში?
შიდა საინფორმაციო ბაზა, Multiple Listing System ანუ MLS, არის სისტემა რომელსაც იყენებენ ამერიკის და ევროპის წამყვანი ქვეყნების ბროკერები. MLS როგორც სისტემა, ამერიკაში რეალტორთა ასოციაციების მიერ შეიქმნა ინფორმაციის გაცვლისა და ერთმანეთის დახმარების მიზნით. უკვე მრავალი წელია ჩვენი უცხოელი კოლეგები ქონების გაყიდვის ან გაქირავების შესახებ ინფორმაციას ანთავსებენ შიდა გაერთიანებულ ბაზაში და ეხმარებიან ერთმანეთს გაყიდვაში. ერთი კონკრეტული ბროკერის მიერ განთავსებულ განცხადებას (Listing) ხედავს არსებული სისტემის ყველა ბროკერი, შესამაბისად ერთ ქონებას ყიდის არა 1 არამედ სიტემაში გაწევრიანებული ყველა ბროკერი და აგენტი.
საქართველოში ბროკერებს შორის ინფორმაციის გაცვლა ძირითადად ხდება საერთო შეხვედრების დროს, მეილების ან ტელეფონის საშუალებით. კომუნიკაციის დროს იკარგება ძირითადი ინფორმაცია, ვერ ხდება სხვა ბროკერის გასაყიდ ქონებებზე კონცენტრაცია და შედეგად ხშირად ვერ ხერხდება თანამშრომლობა და ქონების დროში სწრაფად რეალიზაცია.
2015 წლის 20 ნოემბერს საქართველოს რეალტორთა ასოციაციამ, რომელშიც ამჟამად 27 წამყვანი საბროკერო კომპანიაა გაერთიანებული, კომპანია “სპართან” ხელი მოაწერა შეთანხმებას შიდა გაერთიანებული ბაზის MLS-ის შექმნაზე. მიმდინარე წლის ბოლოს ქართველ რეალტორებს ექნებათ იმ პროგრამის ანალოგი, რომელშიც მუშაობენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები. აღნიშნული სისტემა მთლიანად შეცვლის უძრავი ქონების სფეროს, მუშაობის პრინციპებს და მიდგომებს.
მათ ვისაც უფრო დეტალურად აინტერესებს რა არის MLS და რა სიახლეებს და ცვლილებებს მოუტანს ის ქართულ ბაზარს, ვურჩევთ გაეცნონ სტატიას ბოლომდე და მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია მიმდინარე სიახლის შესახებ.
ვის შეუძლია შიდა საინფორმაციო ბაზაში, MLS-ში, ქონების გაყიდვის ან გაქირავების შესახებ განცხადების (Listing) განთავსება?
აღნიშნულ სისტემაში განცხადების (Listing) განთავსება შეუძლია მხოლოდ საქართველოს რეალტორთა ასოციაციის წევრ რეალტორს.
ვის აქვს წვდომა ბაზასთან და მასში განთავსებულ ინფორმაციასთან?
აღნიშნულ ინფორმაციასთან წვდომა აქვს ასოციაციის წევრ კომპანიებსა და მათ თანამშრომლებს. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ ერთი კონკრეტული ქონების გაყიდვაზე იმუშავებს არა ერთი კონკრეტული ბროკერი, არამედ უფრო მეტი. დღევანდელი სტატისტიკით 150 – დან 200-მდე.
შესაძლებელია თუ არა ბაზაში ერთიდაიგივე განცხადების რამოდენიმეჯერ განთავსება? დუბლირება?
ყოველი განცხადება (Listing) ბაზაში განთავსდება ქონების უნიკალური საკადასტრო კოდით. შესამაბისად ბაზაში, MLS-ში, შეუძლებელია ერთი და იგივე განცხადება (Listing) განთავსდეს რამოდენიმეჯერ.
შესაძლებელია თუ არა მესაკუთრის თანხმობის გარეშე რეალტორმა განათავსოს განცხადება შიდა გაერთიანებულ ბაზაში, MLS-ში?
მესაკუთრის თანხმობის გარეშე რეალტორი ვერ განათავსებს ქონების გაყიდვის ან გაქირავების შესახებ ინფორმაციას. განცხადების (Listing) განთავსებამდე რეალტორსა და ქონების მესაკუთრეს შორის გაფორმდება თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც დაიცავს ორივე მხარის ინტერესებს. ხელშეკრულების გარეშე ინფორმაცია ბაზაში არ განთავსდება.
იმისათვის, რომ გასაყიდი ან გასაქირავებელი ქონება მოხვდეს ბაზაში რომელ რეალტორს უნდა მივმართოთ?
ქონების გამყიდველს ან გამქირავებელს შეუძლია მიმართოს საქართველოს რეალტორთა ასოციაციის წევრ ნებისმიერ ერთ რეალტორს, რომელიც შემდგომში ინფორმაციას გაუზიარებს მის კოლეგებს. ეს დაზოგავს მომხმარებლის დროს და მას თავიდან ააცილებს ერთდროულად 10 ბროკერთან ურთიერთობის დისკომფორტს.
დახურული სისტემის გარდა, იარსებებს თუ არა გარე პორტალი ან საიტი მომხმარებლებისთვის სადაც განთავსდება ინფორმაცია MLS-ში განთავსებული ქონების გაყიდვის ან გაქირავების შესახებ?
შიდა საინფორმაციო ბაზას, MLS-ს, ექნება საიტი ანუ პორტალი. მესაკუთრის თანხმობის შემთხვევაში შიდა ბაზიდან განცხადება გადმოვა და განთავსდება საიტზე, რომელიც გახსნილი იქნება მომხმარებლებისთვის.
რა უპირატესობა ექნება აღნიშნულ პორტალს უძრავი ქონების სხვა პორტალებისგან და საიტებისგან განსხვავებით?
– საიტზე ინფორმაციის დადება შეეძლება მხოლოდ რეალტორს, შესაბამისად საიტზე განთავსდება მხოლოდ კარგად დამუშავებული ინფორმაცია;
– ვინაიდან განცხადება თავსდება მხოლოდ საკადასტრო კოდით, შეუძლებელი იქნება საიტზე ინფორმაციის დუბლირება;
– ბაზაშიც და საიტზეც ყოველთვის იდება გადამოწმებული და მიმდინარე განცხადებები;
– მომხმარებელს ურთიერთობა ექნება მის რჩეულ მხოლოდ ერთ რეალტორთან.
იქნება თუ არა შიდა საინფორმაციო ბაზაში ინფორმაციის განთავსება ფასიანი?
MLS-ში ინფორმაციის განთავსება იქნება სრულიად უფასო მომხმარებლებისთვის. სისტემის გამართულად მუშაობის ხარჯებს თავის თავზე იღებს საქართველოს რეალტორთა ასოციაცია და ასოციაციის თვითოული წევრი რეალტორი.
გაყიდვის ან გაქირავების შემთხვევაში ხომ არ შეიცვლება მომსახურების ტარიფები?
არა, მომსახურების ტარიფები აღნიშნული ტრანზაქციების შემთხვევაში იქნება იგივე.
როდის იგეგმება აღნიშნული პროექტის დაწყება?
საქართველოს რალტორთა ასოციაციის რეალტორები და მათი მომხმარებლები პროგრამით სარგებლობას შეძლებენ 2016 წლის 1 იანვრიდან.
ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ პროექტთან დაკავშირებულ თქვენს ნებისმიერ შეკითხვას.
გისურვებთ წარმატებას!
ნინო გედევანიშვილი
გედევანიშვილი და კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი
საქართველოს რეალტორთა ასოციაციის მართველი საბჭოს წევრი