“არ მეჩქარება გაქირავება” – პასუხი, რომელიც თანამედროვე ეკონომიკის მოთხოვნებთან წინააღმდეგობაში მოდის
ძალიან ბევრი ადამიანი, როგორც მთელს მსოფლიოში ასევე თანამედროვე საქართველოში, ყიდულობს უძრავ ქონებას იმისთვის, რომ გააქირაოს და მიიღოს დამატებითი შემოსავალი.
მესაკუთრეები შეგვიძლია ორ კატეგორიად დავყოთ. პირველი კატეგორია ადეკვატურად აფასებს საკუთარი ქონების ღირებულებას, გადის კონსულტაციას უძრავი ქონების ბროკერებთან, გასაქირავებელი ქონების მოწყობისას ითვალისწინებს მათ რეკომენაციებს, რაც საბოლოოდ ეხმარება თანამედროვე მომხმარებლის დაინტერესებაში.
მესაკუთრეების მეორე კატეგორია ღრმად არის დარწმუნებული, რომ მისი ქონება იდეალურია ნებისმიერი დამქირავებლისთვის და მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქონების მესაკუთრე თვითონ არის და მას არ ეჩქარება გაქირავება. თუმცა ასეთ ადამიანს უჭირს იმის გათვითცნობიერება, რომ თითოეული გაუქირავებელი დღე მიუღებელი შემოსავალი და უფრო მეტიც – დაკარგული ფულია. ისინი არ თვლიან წლიურ შემოსავალს უძრავი ქონებიდან, როგორც წესი არაადეკვატურად აფასებენ საკუთარი ქონების ღირებულებას და წლობით ელოდებიან დამქირავებელს.
ვინაიდან საოფისე ფართების ღირებულება უფრო მაღალია საცხოვრებელი ფართების საბაზრო ღირებულებასთან შესარებით, ხშირად მესაკუთრე ცდილობს უძრავ ქონებას სტატუსი შეუცვალოს და ოფისად გააქირაოს. თუმცა, ოფისის წარმატებით გაქირავებისთვის ბევრი დეტალის გათვალისწინება არის აუცილებელი. ოფისის იჯარის ღირებულებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს:
- ცენტრალური გათბობის სისტემა
- გაგრილების სისტემა
- ვენტილაცია
- პარკინგი
- ინტერნეტი
- ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა
- მინიმუმ 2 სველი წერტილი (ქალებისთვის და მამაკაცებისთვის)
- შესაბამისი საოფისე განათება
- თანამედროვე რემონტი
- მოხერხებული მდებარეობა
ცენტრალური გათბობის სისტემა
ხშირად ჩვენ ვხვდებით ოფისებს სადაც მესაკუთრეები გათბობისთვის დამქირავებლებს სთავაზობენ “კარმას”, კონდენციონერებს, ელექტო გამათბობლებს. ასეთი ტიპის ოფისები არ არის მისაღები თანამედროვე დამსაქმებლისთვის და რა თქმა უნდა დამქირავებლისთვის. ასეთი ტიპის გათბობა გარდა იმისა, რომ საკმაოდ ძვირადღირებულია, არაკომფორტულიცაა, სათანადოდ და თანაბრად არ ხდება სითბოს განაწილება. ასე რომ თუ თქვენ გსურთ გაზარდოთ თქვენი ქონების საბაზრო ღირებულება, შეცვალეთ მსგავსი ტიპის გათბობის სისტემები ცენტრალური გათბობით.
გაგრილების სისტემა
გლობალური დათბობის პირობებში, როცა თბილისში ზაფხულში საშუალო ტემპერატურა 38 გრადუსია, ალაბთ დამეთანხმებით, რომ კონდენციონერის გარეშე გადარჩენა შეუძლებელია. ამის გასააზრებლად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ საკუთარი თავი 5 თანამშრომელთან ერთად აგვისტოში, კომპიუტერთან კონდენციონერის გარეშე. ალბათ უკვე სურვილიც არ გიჩნდებათ დაზოგოთ თანხები კონდიცირებაზე, რომ გაზარდოთ თქვენი ქონების გასაქირავებელი ფასი.
ვენტილაცია
ვენტილაცია მნიშვნელოვანი, მაგრამ არა აუცილებელი დეტალია. თუმცა, თუ თქვენ გსურთ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი, ნუ დაზოგავთ თანხებს და დაამონტაჟეთ თანამედროვე ვენტილაციის სისტემა თქვენს ოფისში.
პარკინგი
ყველაზე პატარა ოფისშიც კი, რომელშიც 4-5 ადამიანი მუშაობს, მინიმუმ 2 მანქანის პარკინგია საჭირო. თუ თქვენ ფლობთ 100 კვ.მ- ზე მეტ საოფისე ფართს და მიმდებარედ არ არის თუნდაც 1 მანქანის გაჩერების საშუალება, გირჩევთ თქვენს ქონებას ფუნქცია შეუცვალოთ, გადააკეთოთ საცხოვრებლად.
ინტერნეტი
ოცდამეერთე საუკუნეში წარმოუდგენელია ნებისმიერი ოფისის ფუნქციონირება მაღალხარისხიანი/სწრაფი ინტერნეტის გარეშე. თუ თქვენს უძრავ ქონებაში ამის საშუალება არაა, ქონებას ფუნქცია შეუცვალეთ, გააქირავეთ საცხოვრებლად.
ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა
თანამედროვე მოთხოვნებით, სამუშაო სივრცეები აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდნენ მინიმალურ ხანძარსაწინააღმდეგო ნორმებს. თუ თქვენ გექნებათ ოფისში მსგავსი სისტემა ეს მხოლოდ გაზრდის თქვენი ქონების ღირებულებას.
სველი წერტილების საკმარისი რაოდენობა
თუ თქვენ ფლობთ დაახლოებით 100 კვ.მ საოფისე ფართს, სავარაუდო თანამშრომლების რაოდენობა ოფისში იქნება ხუთიდან ათამდე. სველ წერტილში, რომელსაც დღის განმავლობაში მინიმუმ 10 ადამიანი იყენებს შეუძლებელია სისუფთავის და შესაბამისი ჰიგიენური ნორმების დაცვა. ამიტომ გარემონტებისას ან ფართის შეძენისას იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენს ოფისს მინიმუმ 2 სველი წერტილი ჰქონდეს, რომელიც განაწილდება ქალებზე და მამაკაცებზე. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, მაშინ ეს ნაკლი დააბალანსეთ შესაბამისი ფასით.
საოფისე განათება
თუ თქვენ უძრავი ქონების გაქირავებას ოფისად აპირებთ, აუცილებლად ყურადღება მიაქციეთ საოფისე განათებას. სივრცეებს რომელსაც ადამიანები სამუშაოდ იყენებენ შესაბამისი განათება სჭირდება.
თანამედროვე რემონტი
ყველა დამსაქმებელი ცდილობს თანამშრომლებს მეტი ეფექტურობისთვის კომფორტული სამუშაო გარემო შეუქმნას. თუ თქვენ გაქვთ უძრავი ქონება, სადაც გაკრულია მუქი ფერის შპალიერი ყვავილებიანი დეკორით ან კედლები შეღებილია ვარდისფრად, ან თუნდაც ცისფრად, აუცილებლად შეცვალეთ და გაანახლეთ. ეს მხოლოდ გაზრდის თქვენი უძრავი ქონების ღირებულებას.
მოხერხებული მდებარეობა
საცობებისა და გადატვირთული მოძრაობის გამო ყველა დამსაქმებელი ცდილობს იქირაოს ოფისი ისეთ ლოკაციაზე, სადაც თანამშრომლებს გაუადვილდებათ სამსახურში დროულად მისვლა. თუ თქვენს უძრავ ქონებასთან არ არის მეტრო, არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაშინ მისი ოფისად გაქირავება გაგიჭირდებათ, გირჩევთ ფუნქციის შეცვლას.
თუ თქვენი უძრავი ქონება ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პარამეტრს აკმაყოფილებს – გილოცავთ, თქვენ ისღა დაგრჩენიათ, თქვენს უძრავი ქონების ბროკერთან შეათანხმოთ ფასი და იზრუნოთ მის გაქირავებაზე.
თუ თქვენი უძრავი ქონება ვერცერთ პარამეტრს ვერ აკმაყოფილებს, შეგიძლიათ მართლაც არ იჩქაროთ გაქირავება და პირველ რიგში ეცადოთ ფართი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი გახადოთ.
გისურვებთ წარმატებას,
ნინო გედევანიშვილი
Gedevanishvili & Co