06.12.2019

გსურთ წარმატებულად გაყიდოთ თქვენი უძრავი ქონება? იზრუნეთ სადარბაზოს კეთილმოწყობაზე …

2004 წლიდან მუშაობა დავიწყე უძრავი ქონების სფეროში და მომიწია ყველა იმ სახლის თუ კორპუსის  ნახვა რაც გარედან ასე ძალიან მომწონდა თავისი არქიტექტურით. თუმცა მოულოდნელად შევაბიჯე ძველ და ბინძურ სადარბაზოებში, სავსე სიგარეტის ნამწვავებით, ვიხილე სადარბაზოების არტი, ჩამოხეული სარეკლამო პლაკატები, სიგარეტის სუნით გაჟღენთილი ლიფტები.

დღეს 2017 წელია და სამწუხაროდ ეს რეალობა დღემდე არ შეცვლილა. ხშირად მივდივარ ვნახულობ ძალიან კარგად გარემონტებულ ბინას, რომლის გაყიდვაც მესაკუთრეს  500 000 აშშ დოლარად სურს (ჩვენ ხომ ლარში უძრავ ქონებას არ ვყიდით)  ბინაში, რომ მოვხვდე უნდა შევიდე ფასიან ლიფტში იმიტომ რომ არც ერთ მეზობელს არ უნდა საკუთარი კომფორტისთვის თვეში 5 ლარის გადახდა, ფული სხვამ სტუმარმა უნდა გადაიხადოს. ლიფტში რა თქმა უნდა არაფერს არ უნდა შეეხო, ბოტკინი რომ არ დაგემართოს და აუცილებლად უნდა წაიკითხო წარწერა სიგარეტის მოწევა სირცხვილია!!!! ლიფტიდან გამოსვლის შემდეგ გადააბიჯო საიგარეტის ნამწვავების დიდ გროვას, აუცილებლად დაფიქრდე ნეტა ოდესღააც რა ფერი იყო ეს სადარბაზო, რომელიც ეხლა ჭუჭყისგან გაშავებულია და ისე მოხვდე ნახევარ მილიონ დოლარად შეფასებულ ბინაში.

მსგავსი ბინების ნახვის შემდეგ ხშირად მიჩნდება შეკითხვა, რატომ არ უჩნდებათ მეპატრონეებს და კორპუსის მაცხოვრებლებს სურვილი მოაწესრიგონ თუნდაც თავისი სართული? რატომ არ უჩნდებათ სურვილი გააკეთონ სამეზობლო დანაზოგი და განაახლონ სადარბაზო? რატომ არ არსებობს ჩვენთვის საზოგადო ინტერესი და რატომ ვზუნავთ მხოლოდ ჩვენი ბინის კეთილმოწყობაზე და არ ვფიქრობთ რა ხდება ჩვენი ბინის და ჩვენი სივრცის იქეთ? რატომ გგვგონია, რომ ჩვენი ბინა ისეთი მაგარია, რომ მყიდველი მზადაა დაიმართოს ბოტკინი, იფიქროს სადარბაზოს ფერზე, გაიაროს სიგარეტის ნამწვავებზე, გაეხვეს აბლაბუდებში და ამის შემდეგ დაუფიქრებლად შეიძინოს ჩვენი ბინა?

ახალაშენებული კორპუსები ვითომ ამიტომ გახდა პოპულარული, რომ ქონდა მოწესრიგებული სადარბაზო, ახალი ლიფტი და ახალი ფასადი. თითქოს ახალმა კოპუსებმა წინ წამოწიეს საზოგადოების მოთხოვნა ეცხოვრად სუფთა და ახალ სადარბაზოში. თუმცა ამ მოთხოვნას ქალაქის დამახინჯების გარდა საზოგადოებისთვის არაფერი მოუტანია. ახალაშენებულ კორპუსებშიც შედიხარ სადარბაზოში სადაც მხოლოდ აღიქვამ კედლის ფერს დანარჩენი იქგივეა და უარესიც სიგარეტის ნამწვავებს ემატება სამშენებლო ნაგავი ქვიშა და გაჯი.

წესით დღეს 21 საუკუნეში, იმისათვის, რომ მინიმუმ წარმატებულად გავყიდოთ ჩვენი უძრავი ქონება,  გავიდეთ ჩვენი სივრცის გარეთ, პატივი ვცეთ ჩვენს მეზობლად მცხოვრებ ადამიანებს, მეგობრებს ან ნათესავებს ვისთანაც მივდივართ სტუმრად, დავიცვათ სისუფთავე და გაუბრთხილდეთ საზოგადოებრივ საკუთრებას.

საზოგადოებრივი სივრცის გაბრთხილება ავტომატურად ნიშნავს ჩვენს წარმატებას და მინიმუმ ჩვენი ქონების სარფიან ფასად გაყიდვას ან გაქირავებას.

გისურვებთ წარმატებას,

ნინო გედევანიშვილი

http://www.gedevanishvili.ge